„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოში დიქტატურა დაამყარა, იცის დიასპორის კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ და ასევე მისი საარჩევნო და ფინანსური წონა. ამიტომაც სცადა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ისტორიული სათვისტომოს „ნეიტრალიზება“ თუმცა უშედეგოდ.
საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო შეიქმნა 1921 წელს იმ პოლიტიკური ემიგრანტების მიერ, რომლებიც ვერ შეურიგდნენ თავისი ქვეყნის გასაბჭოებას და გადაწყვიტეს რუსი ოკუპანტის მიმართ წინააღმდეგობა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა საფრანგეთიდან გაეგრძელებინათ. სწორედ ეს იყო პოლიტიკური ემიგრანტების მისია და ქართული სათვისტომო, მათთან ერთად, დასახული მიზნების განსახორციელებლად საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა.
მათ ყველას აერთიანებდათ ერთადერთი პოლიტიკური მიზანი: ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და შემდგომ ჩვენი სამშობლოს აღდგენილი დამოუკიდებლობის დაცვა; საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის დაცვა იყო და კვლავ რჩება ქართველთა ისტორიული სათვისტომოს სახელმძღვანელო პრინციპად.
„სპეცოპერაცია“
სათვისტომოს გენერალურ ასამბლეამდე ორი დღით ადრე, ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა და „ხალხის ძალის“ ყველასათვის კარგად ცნობილმა მხარდამჭერმა, ნატა დარჩიაშვილმა, „ქართული ოცნებისადმი“ დაქვემდებარებულ „იმედის“ ტელევიზიას გაუგზავნა დენონსაციის წერილი.
მეორე დღისთვის, სპეცოპერაცია უკვე მზად იყო და „იმედზე“ დღის და საღამოს საინფორმაციო გამოშვებები დაიწყო ჩვენი სათვისტომოს გაკიცხვით, რაშიც მთავარ როლს ასრულებდნენ „ქართული ოცნების“: თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სხვები.
ისინი ბრალს სდებდნენ ქართველთა ისტორიულ სათვისტომოს მიაჩნდათ რა, რომ სათვისტომოს ფუნქცია მხოლოდ კულტურული აქტივობებით შემოიფარგლებოდა და მას უმცირესი კრიტიკის გამოთქმის უფლებაც კი არ ჰქონდა. „ოცნების „ მთავრობის წარმომადგენლებმა მათთვის ჩვეული ლექსიკით დაგმეს ასოციაციის პრეზიდენტი, ოთარ ზურაბიშვილი და მისი დაც, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს სათვისტომოში არანაირი როლი არ უთამაშია.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ოპერაციას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა: ტყუილებში, ცრუ ინფორმაციებში და ცილისწამებებში ჩვენი „მხილება!“
დაადეთ ბოქლომი პირზე ქართველთა ისტორიული სათვისტომოს! მოგუდეთ დიასპორა! – ასეთი იყო „ოცნების“ ნება.
ნათელია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი დიდი სიმბოლოს მატარებელი სათვისტომოს და მასთან ერთად მთელი ქართული დიასპორის გაჩუმებას ცდილობს. მისი აზრით, იმ შემთხვევაში თუ კი ეს ეხება საქართველოს დიქტატორული სახელმწიფოს პრობლემებს , სათვისტომომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი კრიტიკისა და განსჯისგან.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მინიმუმ ნახევარ მილიონ პოტენციურ დიასპორულ ამომრჩეველს მონაწილეობა აუკრძალა, საქართველოს ხელისუფლებამ, ახლა ჩვენი ისტორიული სათვისტომოს კრიტიკული აზროვნებისგან გათავისუფლება გადაწყვიტა . „ოცნებას“ სურს დაგვიტოვოს მხოლოდ იმის უფლება, რომ სრულად და ექსკლუზიურად კულტურულ საქმიანობას მივუძღვნათ თავი.
იმედია ბევრს ახსოვს „იმღერე და იცეკვე საქართველოსთვის“, რომელიც გავრცელებული იყო საბჭოთა რუსეთის რეჟიმის დროს. იგივე ტოტალიტარული რეჟიმი, იგივე მეთოდები!
მედია – პროპაგანდისტული ოპერაციით სათვისტომოს მიზანში ამოყვანა ცხადს ხდის თუ რამდენად შეშფოთებულია ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს ხელი შეგვიშალოს იმ ადამიანების მხარდაჭერაში, რომლის დამორჩილებასაც ის ძალისმიერი მეთოდებით და დაპატიმრებებით ამაოდ ცდილობს. დიასპორის დიდი უმრავლესობის კრიტიკული დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, აირჩიოს დემოკრატია და ევროპა, საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილისთვის. ამის ამოცნობაში მას მართლაც ბადალი არ ჰყავს.
„ოცნების“ ზემოთაღნიშნულ ოპერაციის შედეგები, მისი წარუმატებლობა ცნობილია.
მეთოდმა არ გაამართლა და კენჭისყრის დროს, „ინფილტრირებულმა“ წევრებმა მიიღეს მხოლოდ საკუთარი ხმები და არც ერთი ხმით მეტი. ამგვარად, კენჭისყრამ ნათლად აჩვენა, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.
ამიტომ, ნატა დარჩიაშვილი და ნუკა თანდილაშვილი აღარ შედიან მართველ კომიტეტში. მათ შეეძლებათ „თავისუფლად“ ითანამშრომლონ „ხალხის ძალასთან“. თავის მხრივ, საფრანგეთში ქართველთა ისტორიულ სათვისტომოს ახალი მმარველი კომიტეტი ჰყავს და გაცილებით გაძლიერდა.
ოცნების მთავრობა და მისი მარიონეტები კვლავ შეეცდებიან ყოველი მხრიდან შემოგვიტიონ, რათა თავისას მიაღწიონ ! ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულნი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რადგან გვაძლიერებს ის დიდი მისია, რაც ჩვენ და მთელი მსოფლიოს ქართულ დიასპორას განსაკუთრებულ ძალას გვამატებს.
საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ პირველ დისიდენტებს ვუჭერდით მხარს. დღეს ჩვენ ვიქნებით მათი ხმა, ვისაც ივანიშვილი აპატიმრებს და ვის უფლებებსაც ის ასე დაუნდობლად ლახავს!




