ევროკავშირის დელეგაციის წევრს საქართველოში შესვლა აუკრძალეს. პროვოკაცია თუ სიბრიყვე?
21 მაისს, საიმონ ვანდერბრუკი, ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრი, თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. ეს ინციდენტი ერთადერთი არ არის. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის დიპლომატი მათ სამიზნედ იქცა. ეს ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა სულ უფრო მზარდ უნდობლობას უცხადებს დასავლეთის დიპლომატებს, რომლებიც მათ აკრიტიკებენ. ასე მაგალითად, სულ ახლახან გერმანიის ელჩს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტმა საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა.
„ეს ტექნიკური შეცდომაა, ინციდენტი ამოწურულია, ბატონ ვანდერბრუკს შეუძლია საქართველოში დაბრუნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს კაბინეტის წევრმა ინციდენტიდან გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა უკვე გვიანია; ზიანი მიყენებულია და ყველასთვის ცხადია რა მიზანს ისახავდა აღნიშნული პროვოკაცია.