ფრანგ მსახიობის, გიომ გალიენის მიერ, წაკითხული ეროვნულ ასამბლეაზე კონფერენციაზე წინააღმდეგობა კულტურის მეშვეობით: ქართული ბრძოლა
მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ჩემი ხმა საქართველოს ციხიდან, პოლიტიკური პატიმრობიდან, საფრანგეთს მისწვდება – ქვეყანას, რომელმაც საუკეთესოდ იცის თავისუფლებისა და იდეალებისთვის ბრძოლის ფასი; ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნეში, ბოროტების იმპერიის გამოჩენიდან, გვერდით ედგა დამოუკიდებელ საქართველოს, ჩვენს პირველ რესპუბლიკას; ქვეყანას, რომელიც დღეს ევროპის და თავისუფალი სამყაროს ლიდერია!

მე გწერთ ციხიდან, მაგრამ არ ვარ დათრგუნული. პირიქით, ამაყი ვარ, რომ მაქვს პრივილეგია, ვიბრძოლო თავისუფლებისთვის და ევროპული ფასეულობებისთვის, თუნდაც ციხეში ყოფნის ფასად.
მე არ ვარ ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი. დღეს მე წარმოვადგენ 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს – პოლიტიკოსებს, მხატვრებს, არტისტებს, ჟურნალისტებს, ექიმებს – ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ რუსეთთან დაპირისპირებაში. ასევე, ასიათასობით ქართველ ადამიანს, რომლებიც უკვე მეორე წელია ყოველდღიურ პროტესტში არიან, მიუხედავად ცემისა, ქიმიური იარაღით მოწამლვისა, უდიდესი ჯარიმებისა და პატიმრობის საფრთხისა.
დღეს საქართველოში იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის, Facebook-ის პოსტისთვის და აზრის გამოხატვისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ დავნებდით და არც დავნებდებით. საქართველოს ქუჩები სავსეა ჩვენი, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით. ჩემი საკანიც სწორედ ამ დროშების ნახატებით მაქვს მორთული.
დღეს თავისუფლება და ევროპული იდეა საფრთხეშია – უკრაინაშიც, საქართველოშიც და დანარჩენ ევროპაშიც. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში რუსეთი შიგნიდან გვებრძვის მარიონეტული მთავრობის ხელით და ჰიბრიდული ომით, ევროპაში კი მხარს უჭერს ექსტრემისტულ და დესტრუქციულ მოვლენებს.

რუსეთის ერთადერთი იმედი ჩვენი – ევროპული ოჯახის – დაქსაქსულობა, დაბნეულობა და დაყოფაა. იმედი აქვს, რომ ყველას ცალ-ცალკე გაგვიმკლავდება, ვერ დავინახავთ საერთო საფრთხეს და ვერ გავერთიანდებით.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატია ჩვენი ასაშენებელია. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რუსეთს ეშინია სამართლიანი არჩევნების. ოლიგარქ ივანიშვილსაც ეშინია, რადგან იცის ქართველი ხალხის ნება – ხალხს თავისუფლება და ევროპული მომავალი უნდა.
ჩვენ, თქვენი დახმარება არა ძალაუფლების მოპოვებაში, არამედ სამართლიანი წესის დამკვიდრებაში გვჭირდება. ამისთვის რეჟიმზე სერიოზული ზეწოლაა საჭირო. შიდა და გარე ზეწოლით რეჟიმი უკვე ძალიან დასუსტდა. სანქციები მუშაობს. მთავარია, ამაშიც თანმიმდევრულები ვიყოთ.
საქართველოს და მთლიანად რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს დასავლეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ჩვენი დამაკავშირებელი როლი საერთო სიკეთეს მოიტანს. დღეს კი იმ გზებზე, რომლებიც დოვლათის, რესურსების, ეკონომიკური და კულტურული გაცვლისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, თავისუფლად მოძრაობს შავი ფული, სისხლიანი რესურსები და ანტიევროპული ძალები – ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.
რუსეთმა ყველგან უნდა იგრძნოს, რომ მისი იმპერიალისტური და დესტრუქციული პოლიტიკის მიმართ ტოლერანტობის დრო დასრულდა.
Liberté! Égalité! Solidarité!