ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას, ასევე პოლიტიკური საქმიანობის ფართო სპექტრს.
გრანტის განმარტება გაფართოვდა და ახლა საჭიროებს მთავრობის დამტკიცებას. ეს მოიცავს უცხოური ორგანიზაციიდან მის ადგილობრივ ფილიალებში გადაცემულ სუბსიდიებს. გრანტის მიმღებად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ. თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას აღწევდეს.
პირებს, რომლებიც უცხოური წყაროებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, რვა წლის განმავლობაში აეკრძალებათ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება. რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას, პროექტის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას – 6 წლამდე ვადით. სისხლის სამართლის სასჯელი შემოღებულია პარტიის ლიდერებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ასევე დასჯადია გარე ლობირება, ისევე როგორც კომპანიები, რომლებიც „საჯაროდ ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ ძირითად საქმიანობასთან“. „მთავრობის ლეგიტიმურობის“ არაღიარებისკენ მიმართული ქმედებების ჩადენამ შეიძლება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
„სისხლი სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი ახალი ნორმის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
